მთავარი /შინაგანაწესი

შინაგანაწესი

                                                                                                                                                დაამტკიცებულია პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის
                                                                                                                                                     დირექტორის 2014 წლის 04 აგვისტოს  # 06 ბრძანებით

    პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის შინაგანაწესი

სტატუსი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პროფესიონალ ბუ­ღალ­­ტერთა ინსტიტუტი“ (შემდეგში ინსტიტუტი) შექმნილია საქარ­თვე­ლოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფი) მიერ, „მეწარმეთა შესახებ“  საქართველოს კანონის 44-ე მუხლის საფუძველზე.
ინსტიტუტი დაფუძნებულია 2000 წლის 6 ნოემბერს (ბაფ­ის გამგეობის სხდომის ოქმი #8) და რეგისტ­რირებულია  ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს მიერ 2000 წლის 13 დეკემბერს.

ინსტიტუტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზ. # 61.
ინსტიტუტის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 600.000 ლარს.  
მმართველობის ორგანო
ინსტიტუტის მმართველობის ორგანოებია:
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრება; 
  • ინსტიტუტის დირექცია.
ინსტიტუტის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ევალება დირექტორს.   
იზანი და საქმიანობის საგანი
ინსტიტუტის ძირითადი მიზანია ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირების პროცესში მონაწილე პირთა პროფესიული მომზადება (გადამზადება) და კვალიფიკაციის ამაღლება. ინსტიტუტის ძირითადი მიზნიდან გამომდინარე, მისი საქმიანობაა პროფესიონალ ბუღალტერთა წინასაკვა­ლი­ფიკაციო განათლების პროგრამების განხორციელება. ინსტიტუტი პროფესიონალ ბუღალტერთა წინასაკვა­ლი­ფიკაციო პროგრამას ახორციელებს:
·        სააუდიტორიო სწავლების მიდგომით  - ქართულ და ინგლისურ ენებზე;
·        ვიდეო ლექციების გამოყენებით - ქართულ ენაზე.  
გამოყენების არეალი
ეს შინაგანაწესი გამოიყენება მხოლოდ ვიდეო ლექციების მომხმარებელი სტუდენტებისათვის.  
სტუდენტის ჩარიცხვის წესი
ქართული სექტორის პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრა­მაში ვიდეო ლექციების გამოყენებით მონა­წი­ლეობის უფლება აქვთ:
·        ნებისმიერი პროფილის უმაღლესი განათლების მქონე პირებს;
·        ნებისმიერი პროფილის პროფესიული განათლების V საფეხურის კვალი­ფი­კა­ციის ან იდენტური კვალიფიკაციის დიპლომის მფლობელ პირებს;
·        ნებისმიერი პროფილის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს მეხუთე სემესტრიდან;
·        ნებისმიერი პროფილის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს მეოთხე სემესტრიდან იმ პირობით, თუ სტუდენტი აირჩევს მხოლოდ F1 წიგნს „ბუღალტერი ბიზნესში“.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს ინსტიტუტის ადმინისტრაციას (შესაძლებელია სტუდენტის ონლაინ რეგისტრაცია ვებგვერდიდან www.accaonline.ge ).
პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პირმა განცხადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
·        უმაღლესი ან პროფესიული განათლების დიპლომი და მისი ქსეროასლი (თუ უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებელი დამთავრებული აქვს);
·        ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტობის შესახებ (თუ უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული არა აქვს);
·        ანკეტა (ინსტიტუტის მიერ დადგენილი ფორმით);
·        პირადობის მოწმობა და მისი ქსეროასლი;
·        ორი ფოტოსურათი 3X4.
წინა აბზაცში ჩამოთვლილი დოკუმენტები სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს, მისი ონლაინრეგისტრაციის მიუხედავად,  პირველ სემესტრულ გამოცდამდე.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირი დირექ­ტორის ბრძანებით ჩაირიცხება ინსტიტუტში პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტზე და მიენიჭება ვიდეო ლექციის მომხმარებელი სტუდენტის სტატუსი.
ინსტიტუტი უფლებამოსილია:
·        უარი უთხრას პირს სტუდენტად მიღებაზე, თუ ის არ აკმაყოფილებს ინსტიტუტის პროგრამაში ჩართვის პირობებს ან/და სრულყოფილად არ წარმოადგენს მოთხოვნილ დოკუმენტებს;
·        გაატაროს დისციპლინარული ზომები იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც დაარღვევენ შინაგანაწესით დადგენილ წესებს.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველ პირთა ჩარიცხვა ინსტიტუტში ხდება წელიწადში ორჯერ: თებერ­ვალსა და სექტემბერში. სტუდენტს სტატუსი უნარჩუნდება ACCA-ის სასერტიფიკაციო გამოცდების დასრულებამდე ან/და პირადი განცხადებით ამორიცხვამდე. ამ დრომდე იგი მიიჩნევა რეგისტრირებულ სტუდენტად. რეგისტრირებული სტუდენტი შეიძლება იყოს აქტიური, რომელიც ACCA -ის გამოცდისათვის ემზადება ვიდეო ლექციების გამოყენებით და პასიური, რომელიც არ ემზადება გამოცდისათვის ან დამოუკიდებლად ემზადება.   
სასწავლო პროგრამა
ქართული სასწავლო პროგრამა აგებულია ACCA -ის საკვალიფიკაციო პროგრამაზე, რომელიც ქართულ ენაზე ადაპტირებუ­ლია ბაფის მიერ. პროგრამა ითვალისწინებს 14 წიგნის შესწავლას, ACCA -ის პროგრამით გათვალისწინებული თანმიმდევრობით. ცოდ­ნის შეფასება ხდება შუალედური ტესტირებისა და სემესტრული გამოცდის ჩატარებით. სტუდენტი გამოცდას აბარებს თოთხმეტივე წიგნში. გამოცდა ტარდება სემესტრის ბო­ლოს, იანვარსა და ივნისში, სამუშაო ან/და დასვენების დღეებში, დილის საათებში.  სასწავლო პროცესი
სასწავლო სემესტრი მოიცავს 4-4,5 კალენდარულ თვეს. სემესტრი იწყება პირველ თებერ­ვალსა და პირველ სექტემბერს. სტუდენტს ლექციებზე წვდომის უფლება აქვს სემესტრის განმავლობაში. სემესტრის დასაწყისში პირველ კვირას ჩაირთვება ერთი ლექცია. მისი მოსმენა შესაძლებელი იქნება 2 კვირის განმავლობაში განუსაზღვრელი ჯერადობით სტუდენტისათვის  სასურველ ნებისმიერ დროს. ყოველ მომდევნო კვირას ჩაირთვება ერთი ან ორი ლექცია წინასწარ შედგენილი განრიგის მიხედვით. შესაბამისად, მესამე კვირიდან გამოირთვება ის ლექციები, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო 2 კვირის განმავლობაში.  სამესტრი იხურება სტუდენტის მიერ არჩეულ წიგნში გამოცდის ჩატარებით.
სტუდენტს გამოცდაზე ტესტების ამოსახსნელად ეძლევა 2 - 3,5 ასტრონომიული საათი.
წიგნი ჩაბარებულად ეთვლება სტუდენტს, რომელიც მიიღებს დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ტოლ ქულას ან მეტს.
სტუდენტებისათვის ვიდეო ლექციაზე წვდომის უფლების მისანიჭებლად გამოიყენება შემდეგი პრინციპი:
·        ახალი წიგნის არჩევისას სტუდენტმა უნდა დაიცვას თანმიმდევრობა;
·        წიგნის შერჩევა უნდა მოხდეს ადმინისტრაციის მიერ დათქმულ ვადებში;
·        ლექციები არ ჩაირთვება  5-ზე ნაკლები სტუდენტისათვის.    
სტუდენტის უფლება-მოვალეობები
სტუდენტი ვალდებულია:
·        გააფორმოს ხელშეკრულება ინსტიტუტთან;
·        აირჩიოს შესასწავლი წიგნი, ACCA -ის პროგრამით გათვალისწინებული თანმიმდევრობით;
·        მოისმინოს ჩართული ლექციები განუსაზღვრელი ჯერადობით;
·        ჩაერთოს რეალურ დროში მიმდინარე ონლაინ ლექციებში;
·        გამოიყენოს შიდა ჩათი;
·        დაიცვას ვიდეო ლექციებზე რეგისტრაციის წესები;
·        მონაწილეობა მიიღოს შუალედურ ტესტირებასა და სემესტრულ გამოცდაში;
·        შეასრულოს სწავლებასთან დაკავშირებული მითითებები და დავალებები;
·        ჩართული იყოს ყველა სემესტრის სასწავლო პროცესში, თუ წინა სემეს­ტრში შესწავლილ წიგნებში გამოცდის შედეგად მიღებული აქვს დადებითი შეფასება;
·        გადაიხადოს სწავლის (ლექციებზე წვდომის უფლება; ტესტირება; ონლაინ ლექცია რეალურ დროში)  საფასური ხელშეკრულების შესაბამისად;
·        მომდევნო სემესტრში განმეორებით ჩააბაროს გამოცდა იმ წიგნში, რომელშიც პირველ ცდაზე გამოცდის შედეგად მიღებული არა აქვს დადებითი შეფასება;
·        დაიცვას შინაგანაწესი.
სტუდენტი უფლებამოსილია:
·        მიაწოდოს წინადადება ინსტიტუტის ხელმძღვანელობას, სასწავლო პროცე­სის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ;
·        გააგრძელოს სწავლა მომდევნო წიგნებში, თუ წინა გამოცდების შედეგად არადამაკმაყოფილებელი შეფასება არა აქვს ერთზე მეტ წიგნში.
·        წერილობითი განცხადების საფუძველზე დროებით შეაჩეროს მონაწილეობა სასწავლო პროცესში: პირველ-ცხრა წიგნში 1 წლამდე, ხოლო ზედა წიგნებში 1,5 წლამდე ვადით. ამ უფლების გამოსაყენებლად სტუდენტმა აკადემიური შვებულების გასაფორმებლად განცხადებით უნდა მიმართოს ინსტიტუტის დირექციას სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეწყვეტიდან ერთი სემესტრის განმავლობაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ სტუდენტი კარგავს აღნიშნული უფლების გამოყენების შესაძლებლობას და იგი გაირიცხება ინსტიტუტიდან. აკადემიური შვებულების ვადა აითვლება სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეწყვეტის დღიდან.    
სწავლის საფსური
ვიდეო ლექციებით სწავლა ფასიანია. ფასი დადგენილია წიგნების და რეგიონების მიხედვით. სწავლის საფასურის გადახდა ხდება სტუდენტის ჯგუფში ჩართვამდე ინსტიტუტის საბანკო ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანის ან ჩარიცხვის გზით. თუ სემესტრის დაწყებიდან 30 კალენდარულ დღეში სტუდენტი აკადემიური შვებულებით სარგებლობის განცხადებით მიმართავს ინსტიტუტის დირექციას, სწავლის საფასურის მომდევნო თვეების პროპორციული თანხა სტუდენტს ენახება აკადემიური შვებულებიდან დაბრუნებამდე. 30 კალენდარული დღის შემდეგ აკადემიური შვებულებით სარგებლობის მთხოვნელ სტუდენტს სწავლის საფასური არ უბრუნდება და არ ენახება  აკადემიური შვებულებიდან დაბრუნების დროისათვის. არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების ან სხვა შემთხვევაში, იმავე წიგნში განმეორებითი ვიდეო ლექციების მოსმენის მსურველი სტუდენტისათვის, სწავლის საფასური განისაზღვრება დადგენილი საფასურის 50 პროცენტის ოდენობით.
ინსტიტუტი უფლებამოსილია:
·        დაადგინოს განსხვავებული სწავლის საფასური წიგნებისა და რეგიონების მიხედვით;
·        შეცვალოს დადგენილი სწავლის საფასური წინა ცვლილებიდან ერთი წლის შემდეგ 10 პროცენტამდე ოდენობით.  
დისციპლინური ზომები
ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სტუდენტის მიმართ ინსტიტუტის ხელმძღვანელობის მიერ გამოიყენება დისციპლინური ზომები. დისციპლინური ზომა მიმართულია სტუდენტის ეთიკური ნორმების დაცვის უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად. ადმინისტრაცია უფლებამოსილია, გამოიყენოს უმაღლესი ადმინისტრაციული ზომა _ სტუდენტის გარიცხვა ინსტიტუტიდან. უმაღლესი ადმინისტრაციული ზომა გამოიყენება, თუ სტუდენტი:
·        დაარღვევს სახელშეკრულებო პირობას, სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით;
·        დაარღვებეს ვებგვერდზე -  www.accaonline.ge  განთავსებულ რეგისტრაციის წესებს
·        არ შეასრულებს თავის ვალდებულებას სასწავლო პროცესის გაგრძელებასთან მიმართებით, კერძოდ, ერთი სემესტრის შემდეგ მაინც არ გამოიყენებს თავის უფლებას მომდევნო წიგნებში სწავლის გასაგრძელებლად;
·        დაკარგავს მომდევნო წიგნებში სწავლის გაგრძელების უფლებას (ერთზე მეტ წიგნში უარყოფითი შეფასების დაგროვების შედეგად); ეს დისციპლინური ზომა გამოყენებული არ იქნება, თუ სტუდენტი ერთ რომელიმე წიგნში მაინც განმეორებით დაესწრება ლექციებს და გადაიხდის სწავლის საფასურს;
·        არ შეასრულებს თავის ვალდებულებას, განმეორებით გამოცდასთან დაკავ­ში­რებით.
დასაშვებია ნებისმიერი მიზეზით გარიცხული სტუდენტის აღდგენა. სტუდენტის უფლებების აღდგენის მსურველი პირი ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა აღდგენის საფასურის სახით. საჯარიმო თანხა დადგენილია შემდეგი ოდენობით:
·        გარიცხვიდან ერთ წელიწადში (გარიცხვიდან მეორე ან მესამე სემესტრში) აღდგენის დროს - 100 ლარი;
·        გარიცხვიდან ერთიდან 2 წელიწადში (გარიცხვიდან მეოთხე ან მეხუთე სემესტრში) აღდგენის დროს - 200 ლარი;
·        გარიცხვიდან 2 წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ აღდგენისას - 400 ლარი.
·        გარიცხვის შემდგომ აღდგენილი სტუდენტის მიმართ მოქმედებს აღდგენის მომენტში გამოყენებული შინაგანაწესი.

ძალაშია 2015 წლის იანვრიდან.