მთავარი /შეფასების წესები

შეფასების წესები

                                                                                                                                                                                      დაამტკიცებულია პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის
                                                                                                                                                                                        დირექტორის 2014 წლის 04 აგვისტოს  # 06 ბრძანებით  
პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის ვიდეო ლექციების მომხმარებელი სტუდენტების ცოდნის შეფასების წესები
 
გამოყენების სფერო

 სტუდენტების ცოდნის შეფასების წესები (შემდეგში წესები) გამოიყენება პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის (შემდეგში ინსტიტუტი) პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრა­მის ვიდეო ლექციების მომხმარებელი სტუდენტების (შემდეგში სტუდენტი) ცოდნის შესაფასებლად.    

მიზანი

 წესების შემუშავების მიზანია: 
·   სტუდენტის ცოდნის ობიექტური შეფასება;
.   ცოდნის შეფასების მიზნით, გამოცდის პროცესში საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (შემდეგში ბაფი) მიერ საკვალიფიკაციო გამოცდაზე გამოყენებული პრინციპების იდენტურობის შენარჩუნება;
·  გამოცდაზე სტუდენტებისათვის თანაბარი მდგომარეობის უზრუნველყოფა;
.   სტუდენტის მოტივაციის გაღრმავება.  
 
შეფასების პრინციპები
  სტუდენტის ცოდნის შესაფასებლად გამოიყენება ორი ნიშანი - დადებითი და უარყოფითი. სტუდენტის ცოდნა ფასდება კომპლექსურად. მისი ელემენტებია შუალედური (მიმდინარე),  სემესტრული და დასკვნითი შეფასება.
 შუალედური შეფასება ემყარება სემესტრის განმავლობაში სტუდენტის მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების მიმდინარე ტესტირებას. სემესტრული შეფასება ხდება სტუდენტის მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარების ტესტირებით სემესტრის ბოლოს.
 დასკვნითი შეფასება არის ქულათა ის რაოდენობა, რომლითაც საბოლოოდ შეფასდა სტუდენტის ცოდნა. იგი გამოითვლება შემდეგი ფორმულით: 
      დშქ = შშქ + სშქ
სადაც, დშქ არის დასკვნითი შეფასების ქულათა რაოდენობა,
შშქ _ შუალედური შეფასების ქულა, და
სშქ - სემესტრული შეფასების ქულა.
შშქ მონაწილეობას იღებს დასკვნით შეფასებაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი გადალახავს შუალედური ტესტების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. ყოველი შუალედური ტესტირებისას მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ტოლი და მეტი შედეგი ფასდება 5-10 ქულით. იგი შუალედური ტესტირებისას გამოყენებული ტესტებისათვის მინიჭებულ ქულათა ჯამის მიმართ ნაწილდება შემდეგნაირად:  
    ა)  41%-მდე - 0 ქულა;  
    ბ)  41-50 % - 5 ქულა;
    გ
)  51-60 % - 6 ქულა;
    დ
)  61-70 % - 7 ქულა;
    ე
)  71-80 % - 8 ქულა;  
    ვ
)  81-90 % - 9 ქულა;
   ზ
)  91-100 % - 10 ქულა.
 შეფასების ყველა ელემენტს გააჩნია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და განსაზღვრულია ქულათა შემდეგი რაოდენობით:
შუალედური ტესტირებისათვის - შუალედური ტესტირებისას გამოყენებული ტესტებისათვის მინიჭებულ ქულათა ჯამის 41 პროცენტი;
სემესტრული გამოცდისათვის - სემესტრის ბოლოს გამოცდაზე გამოყენებული ტესტებისათვის მინიჭებულ ქულათა ჯამის 50 პროცენტი;
დასკვნითი შეფასებისათვის -სემესტრული გამოცდის კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს დამატებული 10 ქულა.
სტუდენტის დასკვნითი შეფასება დადებითია თუ დასკვნითი შეფასების ქულა ტოლია ან აღემატება დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს. უარყოფითი დასკვნითი შეფასების მქონე სტუდენტს: 
 ·   უნარჩუნდება შუალედური შეფასების ქულები;
 ·   უფლება აქვს მომდევნო სემესტრში მონაწილეობა მიიღოს შუალედურ ტესტირებაში, წინა შუალედური შეფასების ქულის შენარჩუნების გარეშე.
 ·  ევალება გადააბაროს სემესტრული გამოცდა მომდევნო სემესტრში.     

შუალედური ტესტირება

 შუალედური ტესტირება ყველა წიგნში ორჯერ ტარდება.
 პირველი შუალედური ტესტირება ტარდება პროგრამის 30-40%-ის დასრულებიდან 10 დღეში;
 მეორე შუალედური ტესტირება ტარდება პროგრამის 70-80%-ის დასრულებიდან 10 დღეში;
 შუალედურ ტესტირებებს შორის ვადები გონივრულად უნდა იქნეს განაწილებული.  ტესტირების თარიღს ადგენს განათლების კოორდინატორი. ტესტირების პროცესს ორგანიზებას უკეთებს და აკონტროლებს განათლების კოორდინატორი ან დირექტორის ბრძანებით დანიშნული სხვა პირი (შემდეგში კოორდინატორი). იგი უფლებამოსილია, შეამციროს ტესტირების ჯერადობა ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.
 შუალედური შეფასებისათვის ტესტებს ადგენს წიგნის ლექტორი. დასაშვებია ტესტების შემდგენად, სათანადო კვალიფიკაციის მქონე, გარეშე პირების მოწვევა.
ტესტის შემდგენი ვალდებულია დაიცვას ტესტების კონფიდენციალობა.
შუალედური ტესტირებისას გამოყენებული ტესტებისათვის მინიჭებულ ქულათა ჯამი დასაშვებია შემდეგ ზღვრებში: 
     ა)  I დონის წიგნებში 80-100 ქულა; 
     ბ)  II და III დონის წიგნებში 50-60 ქულა.

 მომზადებული ტესტების ელექტრონული ვერსია გადაეცემა განათლების კოორდინატორს, რომელიც უზრუნველყოფს მის გამრავლებას.
 ტესტირება ჩატარდება ინსტიტუტის შენობაში. ინსტიტუტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით (სტუდენტების რაოდენობის გათვალისწინებით)  შუალედური ტესტირება შეიძლება ჩატარდეს სხვა ქალაქში. 
ტესტირების მსვლელობაზე დაკვირვებას ახორციელებენ ლექტორები. დასაშვებია გარეშე პირების მოწვევა ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.
გარეშე პირის დამკვირვებლად მოწვევისას, განათლების კორდინატორი უნდა დარწმუნდეს, რომ მოწვეულ პირს კარგად ესმის მასზე მინდობილი საქმის არსი.
 გარეშე პირების მოსაწვევად განათლების კორდინატორი ხელმძღვანელობს, ბაფიდან მოპოვებული, გამოცდების დამკვირვებლებად სათანადო მომზადებისა და პრაქტიკის მქონე პირთა სიით.
ტესტირების დაწყებამდე კოორდინატორი ინსტრუქტაჟს უტარებს დამკვირვებლებს ტესტების დარიგების, ტესტირების ხანგრძლივობის, წესრიგის დაცვის, ნაშრომების შეგროვებასა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით.
ტესტირებისათვის აუცილებელი დროის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 2 ასტრონომიული საათით.
ტესტის ამოხსნას ყველა სტუდენტი იწყებს ერთდროულად დამკვირვებლის მიერ მითითებულ დროს, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს განათლების კოორდინატორთან.
ტესტირებისათვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ, ყველა სტუდენტი ვალდებულია, შეწყვიტოს მუშაობა და ნაშრომი ჩააბაროს დამკვირვებელს.
დამკვირვებელი ნაშრომს გადასცემს განათლების კოორდინატორს, რომელიც უზრუნველყოფს ნაშრომების კოდირებას და ლექტორისათვის გასასწორებლად გადაცემას.
შუალედური ტესტირების შედეგებს აფასებს შესაბამისი წიგნის ლექტორი. იგი ტესტირებიდან 4 დღის ვადაში ასწორებს სტუდენტების ნაშრომებს და შეფასებას აფორმებს კოდირებულ უწყისში.
კოდების შესაბამისად სტუდენტის ვინაობის გაცხადებას ახდენს განათლების მეთოდისტი. იგი ადგენს შეფასების უწყისს, ჯგუფების მიხედვით დასკვნით შეფასებაში შესატანი ქულის მითითებით.  
შუალედური შეფასების უწყისის ასლი გადაეცემა ვიდეო ლექციების ადმინისტრატორს, რომელსაც შეფასება შეაქვს სტუდენტების ელექტრონულ სააღრიცხვო პროგრამაში ტესტირების თარიღიდან მე-5 დღეს.   

სემესტრული გამოცდა
 ზოგადი პრინციპები
 სემესტრული გამოცდა წარმოადგენს სტუდენტის პროფესიონალი ბუღალტრის საკვალიფიკაციო გამოცდისათვის მზადყოფნის შეფასების ინსტრუმენტს. შესაბამისად, იგი პროცედურულად ბაფის გამოცდის სცენართან მაქსიმალურად დაახლოებულია. 
სემესტრული გამოცდა ტარდება ლექციების დასრულების შემდეგ. იგი უნდა უსწრებდეს ბაფის გამოცდას ამავე წიგნში. შესაბამისად, სემესტრული გამოცდის ჩატარების თარიღი ინიშნება ბაფის განათლებისა და სერტიფიცირების კომიტეტთან შეთანხმებით. გამოცდის გრაფიკს ბაფის განათლებისა და სერტიფიცირების კომიტეტთან ათანხმებს კოორდინატორი.
გამოცდები ტარდება ინსტიტუტის შენობაში ან/და ამ მიზნით დაქირავებულ შენობაში.
გამოცდის ჩატარების ადგილი, თარიღი და დაწყების დრო (შემდეგში განრიგი) განისაზღვრება გამოცდამდე 20 დღით ადრე და მტკიცდება დირექტორის ბრძანებით.
 გამოცდები შეიძლება ჩატარდეს როგორც სამუშაო ისე უქმე დღეებში. გამოცდა ტარდება დღის პირველ ნახევარში.
გამოცდის განრიგის დამტკიცებიდან მეორე დღეს, იგი სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომი ხდება ვიდეო ლექციების პორტალზე გამოქვეყნებით. განრიგი ასევე ქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე www.accatraining.ge.  
გამოცდების ორგანიზებულად ჩატარებაზე პასუხისმგებელია კოორდინატორი.
გამოცდა ტარდება წერითი ფორმით. გამოცდაზე ტესტების ამოსახსნელად გამოყოფილია: 
    ა)  I დონის წიგნებში 2 ასტრონომიული საათი;
    ბ)  II და III დონის წიგნებში 3 ასტრონომიული საათი.
 საგამოცდო ტესტებს ადგენს ინსტიტუტის ბრძანებით დანიშნული პირი. იგი შეიძლება იყოს ლექტორი ან გარეშე პირი. ტესტების შემდგენელი არ შეიძლება იყოს გამოცდების სადამკვირვებლო ჯგუფის წევრი.
გამოცდების ნორმალურ მსვლელობას უზრუნველყოფს დამკვირვებელთა ჯგუფი. დამკვირვებელთა ჯგუფის წევრი არ შეიძლება იყოს ინსტიტუტის ლექტორი.
გამოცდების ადმინისტრირებას ახორციელებს კოორდინატორი, რომელიც ხელმძღვანელობს სადამკვირვებლო ჯგუფის მუშაობას.
გამოცდებზე მონიტორინგის უფლება აქვს ბაფის გამგეობის წევრებს და აღმასრულებელ დირექტორს.
საგამოცდო ნაშრომების შეფასება ხდება გამოცდის ჩატარებიდან 5 დღის ვადაში. ნაშრომებს ასწორებს ლექტორი ან/და ამ მიზნით მოწვეული გარეშე პირი.
გასასწორებელი ნაშრომი ექვემდებარება კოდირებას, ნაშრომის ავტორის ვინაობის გასაიდუმლოების მიზნით.
სტუდენტი უფლებამოსილია გაასაჩივროს მისი ნაშრომის შეფასება საჭიროების შემთხვევაში. გასაჩივრებული ნაშრომი ექვემდებარება კომისიურ განხილვას.   
 საგამოცდო-ტექნიკური პირობები
 გამოცდისათვის არჩეული შენობა არ უნდა იყოს ქალაქის განაპირას. შესაძლებელი უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით ახლოს მისვლა.
შენობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს სველი წერტილებით, ნორმალური განათებით. ოთახები უნდა ნიავდებოდეს.
საგამოცდოდ მომზადების მიზნით, ოთახები ინომრება და დერეფანზე (ფოიეში) კეთდება ოთახების, სველი წერტილებისა და მოსაწევი ადგილების მისაგნები ნიშნები.
აუდიტორიები მაქსიმალურად უნდა აკმაყოფილებდეს  საგამოცდო პირობებს. არ უნდა იგრძნობოდეს ხელშემშლელი გარემო ფაქტორები გამაღიზიანებელი ხმაურის, სიცხისა და სიცივის სახით.
აუდიტორიაში უნდა იყოს სტუდენტების დისტანცირებულად განთავსების შესაძლებლობა იმ ვარაუდით, რომ მუშაობის პროცესში სტუდენტებს შორის მანძილი არ იყოს 1 მეტრზე ნაკლები. სასურველია სტუდენტების განთავსება ინდივიდუალურ მაგიდებთან. ასეთ შემთხვევაში, მაგიდის ფართობი არ უნდა იყოს 0.35 მ2-ზე ნაკლები.
აუდიტორიაში მაგიდები ისე უნდა განლაგდეს, რომ მოსახერხებელი იყოს რიგთაშორის თავისუფალი გავლა და დამკვირვებელს ზედმეტი მოძრაობის გარეშე მხედველობის არეში ჰყავდეს აუდიტორიაში მყოფი ყველა სტუდენტი.
მაგიდები უნდა იყოს დანომრილი ისე, რომ ნომერი იკითხებოდეს შორი მანძილიდან. ნომრის ნიშანდება ხდება მაგიდის წინა მარცხენა კუთხეში.
აუდიტორია უნდა იყოს უზრუნველყოფილი სტუდენტებისათვის საკმარისი სასმელი წყლითა და ერთჯერადი ჭიქებით.    
 საგამოცდო ტესტები
ტესტები ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ სტუდენტმა შეძლოს მის წინაშე დასმული ამოცანის სწორად გაგება.
ტესტების შემდგენელმა უნდა დაიცვას ტესტების საიდუმლო ხასიათი. 
ტესტების შესადგენად დასაშვებია სასწავლო წიგნებში, პროფესიულ ჟურნალებში, სტანდარტების კომენტარებში ან/და სხვა წყაროებში გამოქვეყნებული (როგორც ქართულ, ისე უცხო ენაზე) ტესტების გამოყენება.
ტესტის შინაარსი არ უნდა გასცდეს წიგნის შინაარსს და თემატიკას.
სემესტრულლი გამოცდისათვის გამოყენებული ტესტებისათვის მინიჭებული ქულათა ჯამი უნდა შეადგენდეს ოთხმოც ქულას.
ტესტების შემდგენელი ვალდებულია: 
 ·  მოამზადოს და კოორდინატორს გადასცეს საგამოცდო ტესტები გამოცდამდე მინიმუმ 3 დღით ადრე;
 ·  ამოხსნას ყველა ტესტი და დარწმუნდეს, რომ ისინი წარმოდგენილი ფორმით ამოხსნას ექვემდებარება;
 ·  ტესტის ამოხსნა კოორდინატორს გადასცეს გამოცდის მეორე დღეს;
 ·  განსაზღვროს ტესტის ამოსახსნელად აუცილებელი დამატებითი ცხრილები და ფორმულები, რომელთა მიწოდება გამოცდაზე სტუდენტებისათვის დასაშვებია.
საგამოცდო ტესტები კოორდინატორს გადაეცემა ერთ ეგზემპლარად ქაღალდზე ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსიით. დაუშვებელია ტესტების ელექტრონული ფოსტით მიწოდება. საჭირო რაოდენობის ტესტების გამრავლებას და საგამოცდო აუდიტორიებში კომპლექტაციას უზრუნველყოფს კოორდინატორი.    
 გამოცდაზე მიღება
სტუდენტების გამოცდაზე მისაღებად ეწყობა სარეგისტრაციო ადგილი. იგი უნდა იყოს მოხერხებული.
სარეგისტრაციო ადგილი აღიჭურვება მაგიდებითა და სკამებით. მაგიდები ინომრება და რეგისტრატორისათვის განთავსდება ანბანის მიხედვით შედგენილი სიები.  მაგიდასთან ახლოს გამოიკვრება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ასო_ბგერით დაწყებული გვარის სტუდენტები გადიან რეგისტრაციას მოცემული ნომრის მაგიდასთან. ინფორმაცია იმდაგვარად უნდა იყოს მიწოდებული, რომ სტუდენტი ადვილად გაერკვეს, რომელ მაგიდასთან უნდა გაიაროს რეგისტრაცია.
 რეგისტრაცია იწყება გამოცდამდე 40 წუთით ადრე. რეგისტრაციას ახორციელებენ დამკვირვებელთა ჯგუფის წევრებიდან კოორდინატორის მიერ შერჩეული პირები. რეგისტრაციის გავლისას სტუდენტს მიეთითება საგამოცდო აუდიტორიის ნომერი და გადაეცემა მაგიდის ნომერი. გამოცდაზე გამოცხადებას და მაგიდის ნომრის მიღების ფაქტს სტუდენტი ადასტურებს ხელმოწერით. სტუდენტს ასევე გადაეცემა გამოცდაზე ქცევის წესები, მისი შეხსენების მიზნით.     
 გამოცდებზე დაკვირვება
დაკვირვების მიზანია გამოცდის ჩატარება წინამდებარე წესებისა და ინსტიტუტის სხვა რეგულაციების მოთხოვნათა დაცვით. დაკვირვებამ უნდა უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის ობიექტური შეფასების წინაპირობის შექმნა.
დაკვირვება, ერთი მხრივ, გულისხმობს სტუდენტის ქცევისათვის მეთვალყურეობას, მისი გამოცდაზე რეგისტრაციის მომენტიდან საგამოცდოდ გამოყოფილი დროის ამოწურვამდე. მეორე მხრივ, იგი სტუდენტის ქცევის ნორმიდან გადაცდომის აღსაკვეთი პრევენციული ღონისძიებაა.
სტუდენტის ქცევისადმი თვალყურის დევნება ხდება როგორც საგამოცდო აუდიტორიაში, ისე დერეფნებსა და მოსაწევად გამოყოფილ ადგილებში. საეჭვო ვითარების დროს, არაა გამორიცხული სველი წერტილების ოთახების დათვალიერება.
დამკვირვებლებს შენობის პერიმეტრზე ანაწილებს, ფუნქციებს განუსაზღვრავს და დაკისრებული ფუნქციების შესრულებას აკონტროლებს კოორდინატორი.      
 დამკვირვებელი
დამკვირვებელი არის პირი, რომელიც იცნობს ბაფის ან/და ინსტიტუტის გამოცდების ჩატარების წესებს, პასუხისმგებლობით აცნობიერებს დამკვირვებლად მოწვევით მის მიმართ გამოხატულ ნდობას და დაკისრებულ ვალდებულებას. 
პირმა დამკვირვებლად მოწვევაზე უარი უნდა განაცხადოს, თუ: 
 ·  მან შეადგინა საგამოცდო ტესტები;
 ·  იგი იყო გამოსაცდელი სტუდენტების ლექტორი;
 ·  გამოცდას აბარებს მისი ოჯახის წევრი, ნათესავი, მეგობარი და სხვა ახლობელი პირი, ვისაც შეიძლება გაუჩნდეს მის მიმართ ლოიალური დამოკიდებულების მოლოდინი.
დამკვირვებელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი გამოცდილება. გამოცდილების არმქონე პირების მოწვევის აუცილებლობის დროს, კოორდინატორი უტარებს ტრენინგს და გამოცდილების მისაღებად მიამაგრებს გამოცდილ დამკვირვებელს. დაუშვებელია გამოუცდელი პირისათვის დამოუკიდებლად დამკვირვებლის ფუნქციის შესრულების  დაკისრება.
დამკვირვებელს ევალება აღკვეთოს სტუდენტის მიერ გამოცდაზე ქცევის წესების დარღვევა. ამ ვალდებულების ფარგლებში, დამკვირვებლები განხვავებულ ფუნქციებს ასრულებენ.
სიგარეტის მოსაწევად გამოყოფილი ადგილებისა და დერეფნის პერიმეტრის დამკვირვებელმა უნდა აღკვეთოს: 
·   ხმაური;
 ·  სასწავლო მასალისა და „შპარგალკების“ გამოყენების მცდელობა;
 ·  ჯგუფურად დგომა და საგამოცდო ტესტებზე მსჯელობა;
 ·  გამოცდიდან გამოსული სტუდენტების დარჩენა შენობაში.
საგამოცდო აუდიტორიის დამკვირვებელი:
 ა)  ვალდებულია: 
 ·  ჩაიბაროს კოორდინატორისაგან დალუქული საგამოცდო ტესტები და სამუშაო რვეულები;
 ·  დარწმუნდეს იმაში, რომ აუდიტორიაში იმყოფებიან მხოლოდ რეგისტრირებული სტუდენტები და მათ სწორად აქვთ დაკავებული თავიანთი ადგილი;
 ·  შეახსენოს სტუდენტებს ტელეფონების გამორთვა და პირადი ნივთების მაგიდიდან მოშორება;
 ·  გააცნოს სხვა ინსტრუქცია, თუ ასეთი დავალება მიღებული აქვს კოორდინატორისაგან; 
 ·  დაურიგოს სტუდენტებს სამუშაო რვეული და აუხსნას მისი გამოყენების პრინციპი;
 ·  გახსნას დალუქული ტესტები. განათავსოს ისინი სტუდენტების მაგიდებზე და გააფრთხილოს სტუდენტები, რომ არ გადაშალონ იგი, მისი ნებართვის გარეშე;
 ·  გამოაცხადოს ტესტირების დაწყების შესახებ;
 ·  გამოაცხადოს აუდიტორიაში გამოცდის პირველი საათის შესრულების და ბოლო ნახევარი საათის დაწყების შესახებ;
·   აღკვეთოს პროგრამირებადი კალკულატორისა და „შპარგალკების“ გამოყენების მცდელობა;
 ·  დაიცვას შესვენებაზე სტუდენტების გასვლის რიგითობა;
 ·  ჩაიბაროს სტუდენტის ნაშრომი და ტესტი;
 ·  სტუდენტების ნაშრომები და ტესტები, ასევე სტუდენტებზე რეგისტრაციისას გადაცემული მაგიდის ნომრები ჩააბაროს კოორდინატორს;
 ბ)  უფლებამოსილია: 
 ·  ერთპიროვნულად მოხსნას გამოცდიდან სტუდენტი საგამოცდო წესების დარღვევისათვის;
 ·  კოორდინატორს მიაწოდოს წინადადება საგამოცდო წესებისა და პირობების გასაუმჯობესებლად.   
 ქცევის წესები   
სტუდენტი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს მის დაწყებამდე სულ მცირე 30 წუთით ადრე. სტუდენტი ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია და გამოცდის დაწყებამდე დაიკავოს მისთვის გამოყოფილი ადგილი (მაგიდა) რეგისტრაციისას მითითებულ საგამოცდო აუდიტორიაში. გამოცდაზე არ დაიშვება დაგვიანებით გამოცხადებული სტუდენტი.
სტუდენტმა რეგისტრაციისას უნდა წარადგინოს ბაფის წევრობისა და პირადობის დამადასტურებელი (სურათიანი) მოწმობა.
სტუდენტს გამოცდის დამთავრებამდე საგამოცდო მაგიდაზე უნდა ედოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სტუდენტმა თან უნდა იქონიოს კალკულატორი, სახაზავი, კალამი, ფანქარი, საშლელი და სათლელი. ეს ნივთები გამოცდაზე არ გაიცემა.
სტუდენტებისათვის შეუფერებელი და აკრძალული ქმედებებია: 
 ·  გამოცდაზე სახელმძღვანელოების, სასწავლო მასალის, ან რაიმე ჩანაწერის შეტანა. ხელჩანთები საგამოცდო აუდიტორიაში უნდა მოთავსდეს მაგიდის გვერდზე;
 ·  ჩართული მობილური ტელეფონების შეტანა საგამოცდო აუდიტორიაში;
 ·  პროგრამული ან/და მეხსიერების მქონე კალკულატორის გამოყენება საგამოცდო პროცესში; 
 ·  გამოცდის მიმდინარეობისას საგამოცდო აუდიტორიაში ერთმანეთთან საუბარი;
 ·  საგამოცდო ტესტების დათვალიერება დამკვირვებლის მიერ გამოცდის დაწყებულად გამოცხადებამდე;
 ·  სხვისი ნაშრომიდან გადაწერის ან სხვისთვის გადაწერის ხელშეწყობის მცდელობა;
 ·  გამოცდის მიმდინარეობის პროცესში საგამოცდო აუდიტორიიდან გასვლა, დამკვირვებლის ნებართვის გარეშე;
 ·  ჰოლში, მოსაწევად გამოყოფილ ადგილებსა და სველ წერტილებში სახელმძღვანელოებით, სასწავლო მასალით, ან რაიმე ჩანაწერით სარგებლობა ან აზრთა გაზიარება და მსჯელობა საგამოცდო თემატიკაზე, თუნდაც სტუდენტს ჩაბარებული ჰქონდეს მისი ნამუშევარი და გამოცდიდან გამოსულად ითვლებოდეს;
 ·  მუშაობის გაგრძელება დამკვირვებლის მიერ გამოცდის დამთავრებულად გამოცხადების შემდეგ. სტუდენტი გამოცდიდან მოიხსნება აკრძალული ქმედებისათვის და მისი ნაშრომი შეფასებას არ დაექვემდებარება.
სტუდენტი უფლებამოსილია: 
 ·  ნებისმიერ დროს შეწყვიტოს საგამოცდო ტესტებზე მუშაობა და დამკვირვებლის ნებართვით დატოვოს აუდიტორია;
 ·  მოითხოვოს 5 წუთიანი შესვენება სიგარეტის მასაწევად ან/და ტუალეტში გასასვლელად გამოცდის დაწყებიდან მე-60 წუთიდან გამოცდის დასრულებამდე, ბოლო 30-წუთიანი მონაკვეთის დაწყებამდე;
 ·  მოითხოვოს სასმელი წყალი;
 ·  მოითხოვოს შეღავათი საგამოცდო პროცედურებთან დაკავშირებით, თუ დადგენილი ნორმები შეუთავსებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის (ცისტიტით, შაქრის დიაბეტით დაავადება, ფეხმძიმობა და სხვა მდგომარეობა, რომელიც გულისხმიერების გამოჩენას მოითხოვს). ასეთ შემთხვევაში, კოორდინატორი უფლებამოსილია სტუდენტს შეუქმნას სათანადო გარემო. 
სტუდენტმა, შესვენების უფლებით სარგებლობის დროს, სამუშაო რვეული მაგიდაზე უნდა დატოვოს დახურულ მდგომარეობაში.     
  ნაშრომების გასწორება
სტუდენტების საგამოცდო ნაშრომებს აფასებენ ლექტორები. დასაშვებია ამ მიზნით გარეშე პირების მოწვევა (შემდეგში შემფასებელი).
საგამოცდო ტესტი და სტუდენტების ნაშრომები გასასწორებლად (შესაფასებლად) შემფასებლებს გადაეცემა გამოცდის ჩატარების დღეს. საგამოცდო ნაშრომები ექვემდებარება კოდიფიცირებას, ნაშრომის ავტორის ვინაობის საუდუმლოობის შესანარჩუნებლად. კოდიფიცირების მიზანია ხელი შეუწყოს შემფასებლის ობიექტურობის შენარჩუნებას.
კოდირების უზრუნველსაყოფად საგამოცდო სამუშაო რვეულის გარეკანის ბოლო მეოთხედი დათმობილი აქვს სტუდენტის ვინაობას, რომელიც ზედა სამი მეოთხედისაგან მოსახევი ზოლითაა გამოყოფილი. სტუდენტის კოდი იწერება სამუშაო რვეულის მესამე და მეოთხე მეოთხედებზე და მეოთხე მეოთხედი შორდება გარეკანს.
სამუშაო რვეულებიდან მოხეული მეოთხე მეოთხედები ილუქება კონვერტში და ინახება კოორდინატორთან, გასწორებული ნაშრომების დაბრუნებამდე.
გასწორებული ნაშრომების დაბრუნების შემდეგ, მათზე მაგრდება მოხეული ნაწილი და შესაძლებელი ხდება კონკრეტული შეფასების იდენტიფიცირება. შემფასებლებზე გასასწორებელი ნაშრობები უნდა განაწილდეს ისე, რომ შესაძლებელი იყოს 10 კალენდარულ დღეში გასწორება და შეფასების მიწოდება სტუდენტისათვის.
შემფასებელი ამზადებს კოდირებულ შეფასების უწყისს და ნაშრომებთან ერთად უბრუნებს კოორდინატორს.
კოდების შესაბამისად, სტუდენტის ვინაობის გამჟღავნებას ახდენს განათლების მეთოდისტი. იგი ადგენს შეფასების ერთიან უწყისს, დასკვნით შეფასებაში შესატანი ქულის მითითებით. სემესტრული შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ქვემოთ დარჩენილი ნაშრომი ფასდება ნული ქულით  და დასკვნით შეფასებაში არ მონაწილეობს.  
შეფასების გაცნობის თარიღი დადგენილი უნდა იყოს და ინფორმაცია ამის შესახებ სტუდენტმა უნდა მიიღოს გამოცდის დღეს. შეფასების გასაცნობად დათქმული დღისთვის სტუდენტების შეფასება ატვირთული უნდა იყოს სტუდენტის პირად სააღრიცხვო ბარათზე ან ინსტიტუტის ვებგვარდზე სტუდენტის საიდენტიფიკაციო ნომრით კოდირებული სახით. დაუშვებელია სტუდენტის იდენტიფიცირებით ქულების საჯარო გამოქვეყნება.
სტუდენტი უფლებამოსილია გააპროტესტოს მიღებული ქულა. საპროტესტო განაცხადი მიიღება შეფასების გამოქვეყნებიდან სამი დღის განმავლობაში. გაპროტესტებულ ნაშრომს, სტუდენტთან ერთად, იხილავს შემფასებელი კოორდინატორის თანდასწრებით.
გაპროტესტების ფაქტზე, მიუხედავად შეფასებაში ცვლილების შეტანისა, ფორმდება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს შემფასებელი და კოორდინატორი.
სემესტრული შეფასების ქულები სტუდენტების ელექტრონულ სააღრიცხვო პროგრამაში აიტვირთება ადმინისტრაციის მიერ.
ნაშრომი ინახება გამოცდის ჩატარებიდან 30 დღე. შეფასების კოდირებული და ერთიანი უწყისები ინახება 10 წლის განმავლობაში.    

ეს წესები გამოიყენება  2015 წლის თებერვლით დაწყებულ და შემდგომ სემესტრებში.